ილია მეორე: მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება

პატრიარქის განცხადებით, ეკლესიაში ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო, თუმცა, როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, მას ძალა და მადლიც ეძლევა.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ქადაგებისას მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ მირქმა არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმისა, შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა. 

დღეს მართლმადიდებელი სამყარო უძველეს საეკლესიო დღესასწაულს მირქმას აღნიშნავს. ის საშობაო დღესასწაულების ციკლს ასრულებს. ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები იხსენებენ ლუკას სახარებაში აღწერილ მოვლენას, რომელიც ქრისტესშობიდან 40 დღეში მოხდა. 

ვინ არის მეუფე პეტრე ცაავა

„ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ჩვენ ვმადლით უფალს, რომ უფალი გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რათა დავძლიოთ ეს განსაცდელი“, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქადაგებისას ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსთან, მეუფე პეტრესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება. უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს“, – განაცხადა პატრიარქმა.

2021 წლის 11 თებერვალს ჩატარებული სინოდის სხდომის განჩინებაში ეპისკოპოს პეტრე ცაავასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ის „სამწუხაროდ, ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას". სინოდის განჩინებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის სასულიერო პირის ქმედებებს და შემდეგ სინოდის სხდომას დასკვნას წარუდგენს.

2019 წლის 31 ოქტომბერს გამართული წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე ცაავას მარტვილის მიტროპოლიტის წოდება და სინოდის წევრობა ჩამოერთვა და მოსანანიებლად შიომღვიმის მონასტერში განმწესდა, სადაც არ წასულა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მეუფის განცხადება, რომლითაც მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მამათმავლობის მფარველობაში დაადანაშაულა.