ბათუმში „ოცნების ქალაქში“ სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადაჭრის უმწვავეს სოციალურ პრობლემას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში უწევდათ ცხოვრება, აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია იუწყება აჭარის მთვარობა. 

„ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ბათუმში დავიწყეთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა. დღეს  სამუშაოების 70%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სამუშაოების ხარისხის შემოწმება ყოველკვირეულად ხდება. ეს პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს აუხდენს ოცნებას და მისცემს მათ ნორმალურ, ღირსეულ პირობებში ცხოვრების საშუალებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დაესწრო.

სოციალურმა პრობლემებმა ბათუმელები საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, პირველ ეტაპზე 580-ზე მეტ საცხოვრებელი ბინის აშენება იგეგმება, ხოლო შემდეგ კი იმდენი ბინა აშენდება, რამდენიც საჭირო იქნება იქ მცხოვრები მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად.

მშენებლობა პანდემიის პერიოდში, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი გაზმომარაგების და შიდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე. მიმდინარეობს სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და პირველ ეტაპზე მოეწყობა 582 ბინა.

„მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, ეს პროექტი აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი ისე, რომ არც ერთი უსახლკარო ოჯახი არ დაგვრჩეს ყურადღების და ღირსეული საცხოვრისის გარეშე“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა კრიტერიუმებთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

„ძალიან მალე შევჯერდებით კრიტერიუმებზე, რომელიც სამართლიანობის და ობიექტურობის ნაწილში არც ერთ კითხვას არ დატოვებს უპასუხოდ“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აქცია ხულოში - რას ითხოვს მოსახლეობა აჭარის მთავრობისგან

„ოცნების ქალაქი“ - ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან 900-მდე ოჯახი გადმოსახლდა, ე.წ. ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე, აფხაზეთიდან დევნილები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ, ცხოვრობდნენ საშინელ პირობებში ელექტროენერგიისა და კანალიზაციის გარეშე.

2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაპირდა. თუმცა ახლა ხალხს სურს გარანტიები, რომ მათ საცხოვრებელი ფართის ან ფულადი კომპენსაციის გარეშე არ დატოვებენ.

მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო.