თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიუხედავად აღმაშენებლის გამზირზე ბარის გახსნის გამო უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს, იუწყება პირველი არხი.
ჯაფარიძე: ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ივარჯიშოთ >>
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა აღმაშენებლის გამზირზე ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და განაცხადა, რომ ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.
„აღმაშენებლის N45-ში გამოვლინდა და დადასტურდა არანებადართული ეკონომიკური საქმის განხორციელება, ორგანიზატორი იყო ფიზიკური პირი და შესაბამისი სანქცია იყო გამოყენებული, რომელიც არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. დაჯარიმდა ფიზიკური პირი 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი შემთხვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ასევე, ხორციელდება ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენელმა, მაია მიქაიამ.
თავად ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ჯაფარიძის თქმით, მას დეპუტატის მანდატი იცავს, რასაც იყენებს, ბარის ამოქმედებას ხვალაც აპირებს და ერთ-ერთი თანაპარტიელის დაბადების დღის აღნიშვნასაც კი გეგმავს.
მისივე თქმით, ბარი იმუშავებს შიდა სივრცეში დღე და ღამე, და ამით ჯაფარიძე როგორც ბარის მფლობელი ამ დროისათვის მოქმედ ერთბაშად სამ რეგულაციას არღვევს: 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვას, კვების ობიექტის შიდა სივრცეში ფუნქციონირებას და ასევე „საკარანტინო უქმეებს“, რომლის თანახმადაც შაბათ-კვირის დღეებში სტრატეგიული დანიშნულების გარდა ყველა ობიექტი დაკეტილი უნდა იყოს.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ „ჯაფარასთან“ იმყოფებოდნენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ყველამ იცის, რომ შესაძლოა, ამის გამო დააჯარიმონ, მაგრამ მოვიდნენ და ათენებენ ღამეს.
„მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა, ბარი გავხსენი, ვისაც უნდოდა მოვიდა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაწყებულია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ დროისათვის ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს, დანარჩენ ქალაქებში ეს 15 თებერვლიდან მოხდება.
ჯერჯერობით ისევ მოქმედებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. სასტუმროებს ეკრძალებათ სტუმრების მიღება, კურორტებზე დაკეტილია საბაგიროები და სათხილამურო ტრასები. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
საქართველოს მასშტაბით კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე თვეზე მეტია გრძელდება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული და სარესტორნო ბიზნესი. მთავრობა ცდილობს ამ სფეროს ფინანსური დახმარება გაუწიოს, თუმცა ბიზნეს-სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაკოტრების ზღვარზეა.