თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. გამოძიების მსვლელობისას პოლიციამ გააკეთა ყველაფერი, რაც კანონით არის შესაძლებელი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას.
9 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში საკუთარი სახლის ეზოში 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. მეორე დღეს დააკავეს 23 წლის ნიკოლოზ ტაკიძე. პროკურატურის მონაცემებით, მან მეცხრეკლასელ გოგონასთან სექსუალური კავშირი 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში მოტყუებით დაამყარა, ის დაპირდა, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, თუმცა შემდგომში კონტაქტი გაწყვიტა მასთან. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მის ცოლად შერთვას არ აპირებდა.
ტაკიძეს ბრალად ედება თვითმკვლელობამდე მიყვანა და 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
გარდა ამისა, მედიის მონაცემებით, გოგონა განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას ნათესავების მხრიდან, მათ შორის ბაბუის მხარიდან. როდესაც მათ გაიგეს, რომ გოგონას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, მას სასტიკად გაუსწორდნენ.
„ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი – სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები ყველაფერი გავაკეთეთ“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
„ეს ტრაგედიაა“ - საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში გოგონას დაღუპვას გამოეხმაურა >>
გომელაურის თქმით, თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვები გამოძიების მსვლელობაზე, ეს იქნება ოჯახის წევრი თუ სხვა პირი, შეუძლია გაეცნოს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც შსს-მ გაატარა.
წინასასამართლო მოსმენა საქმეზე 6 აპრილისთვის არის დანიშნული.