მეცნიერები უკვე სერიოზულად ამტკიცებენ, რომ სიყვარული დაავადებაა და თან საკმაოდ სერიოზული. ამავე დროს, იმასაც აღიარებენ, რომ უფერული და ამაოა იმ ადამიანის ცხოვრება, ვისაც ეს „დაავადება“ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ შეყრია…
და თუ პლანეტის აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონია ეს ბედნიერება მთელი თავისი „კლინიკური გამოვლინებით“ — ფრთები გამოსხმია და ათასობით პეპლად აფარფატებულა ვარდისფრად ქცეულ ცის კაბადონზე, რატომაც არ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე იმ ადამიანთან ერთად, ვინც ეს „დაავადება შეგვყარა“.
რომანტიული გასეირნება და ვახშამი სანთლების შუქზე… გულის ფორმის „ვალენტინკებზე“ გადმოღვენთილი სასიყვარულო აღსარება და სამუდამო სიყვარულის ფიცი…ამ დღეს მთელი სამყარო უფრო ნათელი, ფერადი და კეთილი ხდება, სინაზითა და სიყვარულით ივსება…
და, რა თქმა უნდა, ყვავილები — ამ დღის განუყოფელი ატრიბუტი…
„ვალენტინობის“ აღნიშვნის ისტორია ბევრისთვის ცნობილია. რაც შეეხება შეყვარებულისათვის ამ დღეს თაიგულის მირთმევის ტრადიციას, ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მას საფუძველი მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ბურბონთა დინასტიის დამაარსებლის, ჰენრიხ მეოთხის ქალიშვილმა ჩაუყარა, როცა წმინდა ვალენტინის დღისადმი მიძღვნილ მეჯლისზე, იქ მყოფმა ყველა ქალიშვილმა, მისი რჩეულისაგან ყვავილების თაიგული მიიღო.
ცნობილი ფაქტია, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩადრში გახვეულმა ქალებმა, თავიანთი ფარული გრძნობების გამოსახატად „ყვავილების ენა“ მრავალი საუკუნის წინ შექმნეს. მნიშვნელობა ჰქონდა ყოველ დეტალს — ყვავილების ფერს, სურნელს, ფორმას, რაოდენობასაც კი.
ევროპაში „ყვავილების ენა“ 1718 წელს გაჩნდა ლედი მერი უორტლი მონტეგიუს წყალობით. ინგლისის ელჩის მეუღლის სტამბულიდან გამოგზავნილმა „წერილებმა თურქეთიდან“ ევროპას „ყვავილების ენის“ სენი შეჰყარა და იმ დროიდან მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ევროპის მაღალ საზოგადოებაში, სწორედ ამ ენით იწერებოდა სასიყვარულო ბარათები, შესაბამისი თაიგულის თანხლებით.
ყვავილების ტრაქტატის თანახმად, ნებისმიერი აზრი, შეიძლებოდა ყვავილების ენით გამოგეხატა — მეგობრობა, სიყვარული, მხურვალე ლტოლვა, საყვედური, ტრადიციებისადმი ერთგულება თუ განშორების სურვილი…
მაგალითად: მორცხვ ახალგაზრდას, რომელსაც გრძნობების გამხელა უჭირდა, თუ გულის სწორს იებს მიართმევდა, შეეძლო დამშვიდებულიყო, რომ მან „პირველი ნაბიჯის“ გადადგმა მოახერხა; ზამბახები — ნაზ სიყვარულს აღნიშნავდა; ზიზილა კი მისი ადრესატის ერთადერთობას და განუმეორებლობას; წითელი ვარდების თაიგულის მომრთმევი — ცეცხლოვანი, ვნებიანი სიყვარულით იწვოდა; ტიტების თაიგული კი გამცნობდა რომ მისი ავტორის სიზმრების გასაღები გეჭირა ხელთ; ორქიდეები — სასიყვარულო აღმაფრენისთვის გიწვევდნენ; სიყვარულით ბედნიერი ადამიანი, თავის შეყვარებულს ამას აზალიებით ამცნობდა; მიხაკები — სასიყვარულო გატაცების ნიშანი იყო, ხოლო გულწრფელ სიყვარულზე — იორდასალამი მოგითხრობდათ; სუმბულების მომრთმევი — მოხიბლული იყო თქვენით და სასიყვარულო თამაშში გიწვევდათ; იასამანს კი მხოლოდ ერთადერთხელ ჩუქნიდნენ — პირველ სიყვარულს!
გარდა თითოეული ყვავილის ინდივიდუალური მნიშვნელობისა, აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო თაიგულის ფერიც: თეთრი — სისპეტაკისა და უბიწოების ნიშანი იყო; ვარდისფერი — ნაზი სიყვარულის, წითელი — ვნების და ცეცხლოვანი სიყვარულის, ლურჯი — ერთგულების, იასამნისფერი — სიმშვიდისა და ნდობის; ყვითელი — ეჭვიანობისა და უნდობლობის; შავი კი — სიკვდილის.
საინტერესოა ყვავილების თაიგულის ენა ციფრებითაც: 1 ყვავილი — ყველაფერი ხარ რაც გამაჩნია; 3 — სამყაროს ირგვლივ სამოგზაუროდ გიწვევ; 5- მიყვარხარ! 7 — ტრადიციულად ნიშნობის დღეს ჩუქნიდნენ; 9 — პატივს გცემ როგორც მეგობარს;…. აი მილიონი ალისფერი ვარდის თაიგული კი ყვავილთა ნუმეროლოგიის ფანტაზიას სცდება…
და მაინც როგორ უნდა შევურჩიოთ ყვავილების თაიგული გულისსწორს „სიყვარულის დღეზე მისართმევად“?
ფლორისტები თვლიან, რომ „ვალენტინობის“ თაიგული რაღაც შუალედური უნდა იყოს „პაემანისათვის განკუთვნილ ერთეულ ვარდსა“ და დაბადების დღის „პომპეზურ“ თაიგულს შორის. ან იქნებ სულაც არ იყოს მხოლოდ ყვავილების თაიგული ამ სიტყვის კლასიკური გაგებით…
თბილისელი ფლორისტი ნანა თაყაიშვილი თვლის, რომ თანამედროვე ფლორისტული ტენდენციები უკვე კარგა ხანია „თაიგულში“ მხოლოდ ყვავილების თემას გასცდა. ასეთი თაიგულისათვის შეიძლება მრავალი მასალა იქნას გამოყენებული — მავთულის კარკასი, ლენტები, ტოტები, კენკრა, კანფეტები, პატარა ფუმფულა სათამაშოები და ა.შ. თითოეული ასეთი ნამუშევარი ერთადერთი და განუმეორებელია. „თუმცა თბილისელი მამაკაცებისათვის, წითელი ვარდები მაინც სიყვარულის ღრმად ფესვგადგმული გამოხატულებაა და უმეტესობა სწორედ ამ ყვავილებისაგან დამზადებულ თაიგულებს ანიჭებს უპირატესობას“, — ამბობს ქალბატონი ნანა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ვალენტინობა“ საქართველოსთვის „ახალი ხილია“, ამ დღეს მაინც საკმაოდ იზრდება გაყიდვების რიცხვი. განსაკუთრებული მოთხოვნა კი გულის ფორმის თაიგულებზეა: “ნებისმიერი საჩუქარი სასიამოვნოა, მაგრამ ყვავილს სულ სხვა დატვირთვა აქვს, რადგან დამტკიცებულია, რომ საერთოდ მცენარის ენერგეტიკა აუცილებლად იწვევს დადებით ემოციას. რა თქმა უნდა შეფუთვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით. საერთოდ კი მინდა რჩევა მოგცეთ — ხშირად აჩუქეთ თქვენს მიჯნურს ყვავილები!“, — გვითხრა ნანა თაყაიშვილმა.
არ ვიცი რამდენად დაგეხმარებათ ჩვენი რჩევები თქვენთვის სასურველი თაიგულის შერჩევაში, მაგრამ თუკი იმას მაინც შეგახსენებთ, რომ თქვენი გულისსწორი ხვალ თუნდაც უტყვად, მაგრამ გვერწმუნეთ გულის ფანცქალით ელოდება თქვენი სიყვარულის პატარა „დასტურს“, მაშინ ჩავთვლით, რომ მისია შესრულებულია!
P.S. ლამის გამოგვრჩა — თაიგული ხომ ყველაფერი არ არის! არ დაგავიწყდეთ თაიგულში პატარა გულის ფორმის ბარათის ჩადება და თუ ეპისტოლარულ ჟანრთან მწყრალად ხართ, სულ ერთადერთი სიტყვის ჩაწერა დაგჭირდებათ, რომელსაც ასე ელიან თქვენგან — მიყვარხარ!