დაუმორჩილებლობის აქტი: ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ გახსნა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არსებული შეზღუდვების მიუხედავად, ბარი იმუშავებს „კომენდანტის საათის“ დროს და ასევე დახურულ სივრცეში
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აღმაშენებლის გამზირზე ბარი „ჯაფარასთან“ გახსნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ბარის გახსნაზე თავად არის პასუხისმგებელი და ის იმუშავებს მანამ, სანამ მას არ დააპატიმრებენ.

„ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შესაბამისად, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც“, - აცხადებს ჯაფარიძე.
მესტიაში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მისი თქმით, ბარი იმუშავებს შიდა სივრცეში დღე და ღამე, და ამით ჯაფარიძე როგორც ბარის მფლობელი ამ დროისათვის მოქმედ ერთბაშად სამ რეგულაციას არღვევს: 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვას, კვების ობიექტის შიდა სივრცეში ფუნქციონირებას და ასევე „საკარანტინო უქმეებს“, რომლის თანახმადაც შაბათ-კვირის დღეებში სტრატეგიული დანიშნულების გარდა ყველა ობიექტი დაკეტილი უნდა იყოს.

ბარი უკვე გახსნილია, ჯაფარიძის თქმით, პერიმეტრს აკონტროლებს პოლიცია. ბარის გარე სივრცეში საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი. ისინი ერთობიან და სასმელებს მიირთმევენ. აღსანიშნავია, რომ სტუმრების უმრავლესობა ბარში პირბადეების გარეშე იმყოფება.

ჯაფარიძემ სხვა ბარების მეპატრონეებს მოუწოდა მის მაგალითს მიბაძონ, თუ მის ბარს არ დაკეტავენ.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაწყებულია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ დროისათვის ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს, დანარჩენ ქალაქებში ეს 15 თებერვლიდან მოხდება.

თურნავა: ორშაბათიდან გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა >>

ჯერჯერობით ისევ მოქმედებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. სასტუმროებს ეკრძალებათ სტუმრების მიღება, კურორტებზე დაკეტილია საბაგიროები და სათხილამურო ტრასები. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

საქართველოს მასშტაბით კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე თვეზე მეტია გრძელდება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ტურუსტული და სარესტორნო ბიზნესი. მთავრობა ცდილობს ამ სფეროს ფინანსური დახმარება გაუწიოს, თუმცა ბიზნეს-სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაკოტრების ზღვარზეა.