საქართველოს მოქალაქეები ბრიტანეთში გამგზავრების რეჟიმის შეცვლის შესახებ გააფრთხილეს

დიდ ბრიტანეთში ჩასულმა ყველა პირმა უნდა გაიაროს 10-დღიანი თვითიზოლაცია, ხოლო თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს PCR-ტესტი
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში აფრთხილებს მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო მოგზაურობების რეჟიმის ცვლილების შესახებ.

კერძოდ, 15 თებერვლიდან ქვეყანაში გამგზავრებამდე ყველა პირმა ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა გაიაროს PCR-ტესტი კორონავირუსზე, რომლის უარყოფითი პასუხიც დიდ ბრიტანეთში ჩასვლისას საზღვარზე უნდა წარადგინოს.

ქვეყანაში ჩასულმა ყველა პირმა უნდა შეიძინოს ტესტირების სამგზავრო პაკეტი და შეავსოს ანკეტა კარანტინის გავლის მისამართის მითითებით. პაკეტის საფასური მოიცავს კარანტინის (თვითიზოლაციის) მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტის საფასურს (ჯამში 210 გირვანქა სტერლინგი).

ავიაკომპანია Qatar Airways საქართველოში რეგულარულ ფრენებს გაანახლებს

დიდ ბრიტანეთში ჩასულმა ყველა პირმა უნდა გაიაროს 10-დღიანი თვითიზოლაცია, ხოლო თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს PCR-ტესტი.

„ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის არ წარდგენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 500 გირვანქა სტერლინგით, ხოლო კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევის შემთხვევაში პირს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმის გადახდა 10 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისას განზრახ ცრუ ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ისჯება კანონით. კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე 10 დღის მანძილზე სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის არაზუსტი აღწერის შემთხვევაში, პირს შესაძლოა მიესაჯოს ჯარიმის გადახდა 10 000-მდე გირვანქა სტერლინგის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით.