თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება და ტრაგედიას უწოდებს.
მოზარდის დაღუპვის შესახებ ცნობილი ოთხშაბათს გახდა. ხუთშაბათს შსს-მ განაცხადა, რომ გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და ბრალდებული დააკავა.
„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა! დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, - ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 23 წლის ნ.ტ.-მ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში მოტყუებით დაამყარა — დაპირდა, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, თუმცა შემდეგ კონტაქტი გაწყვიტა მასთან. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მის ცოლად შერთვას არ აპირებდა. გოგონამ ახლობლების ზეწოლას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.
პოლიციამ ბრალდებული 2021 წლის 10 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები და ნათესავები ამტკიცებენ, რომ მამაკაცმა ის გააუპატიურა და პოლიცია მომხდარის საქმის კურსში იყო.
„ქალთა მოძრაობა“ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას ითხოვს >>
საქართველოში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები სისხლის სამართლის კოდექსში „გაუპატიურების“ დეფინიციის შეცვლას ითხოვენ. ისინი ცდილობენ მიაღწიონ ამ დეფინიციის გაფართოებას, რათა გაუპატიურებად აღიარებული იყოს მსხვერპლის სხეულში მისი თანხმობის გარეშე განხორციელებული სექსუალური ხასიათის შეღწევა.