გირაოს გადახდის ვადა ამოიწურა: რა ელის ნიკა მელიას

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ ნიკა მელიას მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა მან არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში პარლამენტი ნიკა მელიას საკითხზე იმსჯელებს>>

საქართველოს პროკურატურამ პარლამენტის დეპუტატს და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა და 5 თებერვალს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლით დაემუქრა.

ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის დამატებით ერთი კვირა მისცეს

ნიკა მელია ბრალდების მხარის მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებდა. ერთკვირიანი ვადა დღეს ამოიწურა.

ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ახლა პარლამენტს მეორედ მოუწევს მელიასთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთი მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა 10 ათასით გაუზარდეს.