მოსწავლეთა რამდენმა პროცენტმა გამოთქვა სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების სურვილი

მშობელმა, რომელსაც სურს მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში განაგრძოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და მხოლოდ ოთხშაბათ დღეს გაიაროს რეგისტრაცია.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების სურვილი 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი 1 თებერვლიდან აღდგა. განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეების მშობლებს მისცა არჩევნის საშუალება – ბავშვები სკოლაში ივლიან თუ ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. ამისთვის უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე - www.Online.emis.ge.

რისკ–ჯგუფებში შემავალ მასწავლებლებს საგნის დისტანციურად სწავლების შესაძლებლობა ექნებათ

„ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 298 ათასი მოსწავლე, აქედან 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“, – განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, როგორც დგებუაძემ განმარტა, ყოველ ოთხშაბათს მშობლებს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების თაობაზე დარეგისტრირდნენ, არამედ ასევე უარი თქვან ამაზე და მათი შვილები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ.

დგებუაძის განცხადებით, თუ კლასში თუნდაც მხოლოდ ერთი მოსწავლე აირჩევს დისტანციურ სწავლებას, მისთვისაც იქნება ორგანიზებული ონლაინ–გაკვეთილები.

სკოლებში ონლაინ–სწავლებაზე რეგისტრაცია ოთხშაბათობით მოხდება>>

თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.