ქობულეთში არასრულწლოვანმა თავი მოიკლა - მიზეზი წარსულში მომხდარი ძალადობაა

სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ მამაკაცი გოგონას გარდაცვალების შემდეგ დააკავა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ ძალადობის შესახებ ორი თვის წინ შეიტყვეს.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანმა, რომელთანაც 24 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა, თავი მოიკლა, იუწყება გამოცემა „ნეტგაზეთი“.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების ცნობით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ შეიტყო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში გოგონასთან სოციალური მუშაკი მუშაობდა, რომელსაც არასრულწლოვანთან ბოლო ვიზიტი 4 თებერვალს ჰქონდა. ამასთან მოზარდთან ფსიქოლოგს არ უმუშავია, რადგან, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ამის საჭიროება არ ყოფილა.

ქობულეთში არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის დამყარების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 1997 წელს დაბადებული პირი მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოზარდის ბაბუა აცხადებს, ოჯახმა პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინა.

გოგონას მამა ადრე გარდაეცვალა, ხოლო დედა თურქეთშია წასული სამუშაოდ.

გამოძიება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.