სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული მეხანძრე-მაშველი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი,  11 თებერვალი – Sputnik. აჭარაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე ჯგუფთან ერთად გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მის მწუხარებას.