კალაძე: დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირება კვლავ ამოქმედდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ის ადგილები დაასახელა, სადაც ხვალიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში ხვალიდან ისევ ამოქმედდება და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად მოუწევთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობა განაახლა.

კალაძის განცხადებით, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აკრძალული იყო, მერიას დროებით შეჩერებული ჰქონდა საათობრივი გადასახადი.

„ჩვენ დროებით შეჩერებული გვქონდა გადასახადი და ადამიანებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, პარალელურად ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის პარალელურად ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც აღნიშნული პარკირების სისტემა პანდემიამდეც ფუნქციონირებდა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას ჯერ სრულად არ მოუცავს დედაქალაქი, თუმცა გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ადგილები, მაგალითად, ორბელიანის მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩა, აბანოთუბანი, პეკინის გამზირი, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილი, ასევე ვაკის რაიონი, სადაც მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემა ხვალიდან, 11 თებერვლიდან ამოქმედდება.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ჩაირთო და ამ დროისათვის თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოქმედებს. პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია.