თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რეკომენდებულია, ასევე, იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც COVID-19-ის ახალი შტამებია დაფიქსირებული, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე პრეპარატის გავლენის შესახებ არასაკმარისია. ამის თაობაზე ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალეხანდრო კრავიოტომ განაცხადა. ამის შესახებ წერს РИА Новости.
„ჩვენ გავეცით რეკომენდაციები, რომ ამ ვაქცინის სრული შესაძლებლობების შემცირების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით, მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ, არ არსებობს მიზეზები, არ გავცეთ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვირუსის ეს ვარიანტია (სამხრეთ აფრიკული) გავრცელებული“, - აღნიშნა მან.
მისი სიტყვებით, საექსპერტო ჯგუფმა შეისწავლა ვაქცინის შესაძლებლობები, კერძოდ, იმ შტამების წინააღმდეგ, რომლებიც სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში ცირკულირებს.
ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინამ აჩვენა თავისი მაღალეფექტურობა, თუმცა კვლევებში, რომლებიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლენილ შტამზე ჩატარდა, „წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის შემთხვევებში ვაქცინის ეფექტურობა მცირდება, ასევე იკლებს ანტისხეულების გამომუშავება“.
კრავიოტომ აღნიშნა, რომ ტესტების მწირი რაოდენობა არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინა სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების მძიმე შემთხვევებისას. თუმცა „არსებობს ირიბი მტკიცებულებები“ იმისა, რომ პრეპარატი ვირუსის წინააღმდეგ მაინც ეფექტურია.
თავის მხრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი რეკომენდაციები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან AstraZeneca COVAX-ის პლატფორმის ძირითადი ვაქცინაა.
„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც, ვიმედოვნებთ, საგანგებო სიტუაციებში ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციით გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.
ამჟამად ევროკავშირის ბაზარზე დაშვებულია Pfizer/BioN-ის (600 მილიონი დოზა), Moderna-ს (160 მილიონი დოზა) და AstraZeneca-ს (400 მილიონი დოზა) კომპანიების ვაქცინები. ევროკომისიამ ვაქცინების შემოტანაზე კონტრაქტები გააფორმა ასევე კომპანიებთან Johnson&Johnson, Sanofi-GSK, CureVac.