ვაქცინაცია და ასაკობრივი ჯგუფები – რას გეგმავს ჯანდაცვის უწყება

გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის არაეფექტურობა ჯერჯერობით დასაბუთებული არ არის, განაცხადა გაბუნიამ.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ვაქცინაციისას ალერგიული რეაქცია წინასწარ უნდა იყოს შეფასებული, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს შესაბამის პროტოკოლს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

გამყრელიძე: შერჩეულია14 ათასამდე პირი, ვინც პირველ რიგში აიცრება

ალერგიული მდგომარეობის შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლი ექსპერტ–ალერგოლოგთა ჯგუფმა მოამზადა. პროტოკოლში მოცემულია დეტალური კითხვები, რომელსაც პაციენტი ვაქცინაციამდე გასცემს პასუხს, აგრეთვე – როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა.

გაბუნიას თქმით, შესაბამის ტრენინგს ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულება გაივლის. მწარმოებლებისგან მოწოდებული დეტალური საინფორმაციო პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის. მასში დეტალურად იქნება მითითებული ვაქცინის ის თვისებები, რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება. Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომლებიც საქართველოში უახლოეს პერიოდში უნდა შემოვიდეს, სხვადასხვა საინფორმაციო პაკეტი აქვთ, დასძინა მინისტრის მოადგილემ.

„უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. მილიონში ერთეული შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს. თუმცა, ვაქცინის მიღების მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის ყოველივე ეს გათვალისწინებული უნდა იყოს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ამ დროისათვის Pfizer-ით ვაქცინაციის ჩასატარებლად ცხრა კლინიკაა მზად. აღნიშნულ დაწესებულებებში მიმდინარე კვირაში შესაბამისი ტრენინგები დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შერჩევის პროცესს აგრძელებს. უწყების მიზანი ვაქცინაციისთვის მინიმუმ 15 დაწესებულების შერჩევაა. 

საქართველო ვაქცინაციისთვის მზად არის – ეკატერინე ტიკარაძე

გაბუნიას თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით პრობლემები არაა და ვაქცინა საქართველოში თებერვალ–მარტში გამოჩნდება.

გაბუნიამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს აღნიშნული კომპანიის ვაქცინა გარკვეული ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის ეფექტური არ არის. მისი თქმით, იმ ასაკობრივი ჯგუფებისთვის, სადაც მისი გამოყენება, შესაძლოა, არაეფექტური იყოს, შეიძლება AstraZeneca-ს სხვა ვაქცინით ჩანაცვლების საკითხის განხილვაც მოხდეს.

„ჩვენ არჩევანის საშუალება გვექნება და მეორე–მესამე კვარტლიდან რამდენიმე ახალ ვაქცინაზე წვდომის საშუალება გაჩნდება, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც AstraZeneca-ს გამოყენება არამართებული შეიძლება იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ აღნიშნული პრეპარატის 65 წელს ზემოთ ასაკის პირებში გამოყენების არაეფექტურობას დასაბუთება სჭირდება.

გაბუნიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაქცინა საჭიროა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც კორონავირუსი დაამარცხა.

რაც შეეხება ბავშვებს, ვაქცინაციას ექვემდებარება 18 წელს ზემოთ პირები. Pfizer-ის ვაქცინა რეკომენდებულია 19 წელს ზემოთ პირებისთვის, AstraZeneca კი 16 წელს ზემოთ პირებისთვის. 

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, გუშინდელი მაჩვენებელი – 18 ათას გატესტილ მოქალაქეზე 829 დადებითი პასუხი ეპიდემიის სტაბილიზაციის ტენდენციაზე მიუთითებს. მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთული არაა.

კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 40–47% ვაქცინაციის ჩასატარებლად მზადაა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინისადმი უნდობლობა ყველა ქვეყნის მოსახლეობაშია.

„ჩვენ ვაქცინაციის პროცესს აქტიური საინფორმაციო კამპანიის პარალელურად დავიწყებთ. მას შემდეგ, რაც რეალური სურათი სახეზე გვექნება, იმედი მაქვს, რომ ვაქცინისადმი სანდოობა გაიზრდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

როგორც მან განაცხადა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანია თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 263 ათასს აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 254 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3.306.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.