თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“, იუწყება РИА Новости პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდზე დაყრდნობით.
Bloomberg-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას სამეცნიერო გარღვევა უწოდა >>
რეგისტრაცია დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში, მონღოლეთის ტერიტორიაზე დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარების გარეშე განხორციელდა. აღინიშნა, რომ დამტკიცება მოხდა ფონდის ადგილობრივი პარტნიორის - მონღოლეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია Mongol Emimpex Concern LLC-ს ხელშეწყობით.
„პარტნიორებმა მონღოლეთში ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების მონაცემთა დეტალური შესწავლის შემდეგ, რომლებმაც მისი მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება აჩვენა, რაც ასევე დადასტურდა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. „სპუტნიკ V“ - ერთ-ერთი წამყვანი ვაქცინაა მსოფლიოში და იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც მისი გამოყენება გადაწყვიტეს, დღითიდღე იზრდება““, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრში შეიქმნა პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დახმარებით. პრეპარატი ადამიანის ადენოვირუსების კარგად შესწავლილ პლატფორმაზეა შექმნილი და ის მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა COVID-19–ის წინააღმდეგ. დეკემბრიდან რუსეთში მოქალაქეთა ვაქცინაცია დაიწყო.
„სპუტნიკ V“-ს გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში: რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, გვინეის რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, სერბეთის რესპუბლიკაში (ბოსნია და ჰერცოგოვინას ენტიტეტი), ლიბანში, მიანმარსა და მონღოლეთში.