გამყრელიძე: შერჩეულია14 ათასამდე პირი, ვინც პირველ რიგში აიცრება

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. გვექნება იმ სამედიცინო მუშაკების ელექტრონული სიები, ვინც თანახმაა, რომ პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როდის ჩატარდება კოვიდგადატანილი პაციენტების ვაქცინაცია: მინისტრის მოადგილის განმარტება>>

საქართველომ COVAX–პლატფორმისგან უკვე მიიღო დასტური, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი, ლიმიტირებული პარტია თებერვლის მეორე ნახევარში 29 250 დოზის ოდენობით შემოვა. ვაქცინაცია ორჯერადად კეთდება, ამიტომ ის საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. პირველ რიგში მოხდება ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.

მოსალოდნელია თუ არა ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქციები

გამყრელიძის განმარტებით, შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც ატვირთულია იმ 75 ათასამდე სამედიცინო მუშაკის მონაცემები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ ეტაპზე უნდა ჩაუტარდეთ.

„მოგეხსენებათ, პირველი ლიმიტირებული დოზა ჰყოფნის 14 ათასამდე სამედიცინო მუშაკს. ამიტომ მოვახდინეთ ამ პრიორიტეტის კიდევ მეტად პრიორიტეტიზაცია. შერჩეულია ყველაზე მაღალი რისკის ადამიანები, რომლებიც კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ყველაზე მაღალი რისკის მქონე სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დაიწყება, რათა ვაქცინის პირველი ლიმიტირებული დოზით ასაცრელთა ზუსტი სია შედგეს.

გამყრელიძე: ვირუსი მართვადია, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ

„მოგეხსენებათ, ეს არის ნებაყოფლობითი აცრა. შესაძლოა, ვინმემ უარი თქვას. ჩვენ გვექნება ელექტრონული სიები ყველა ადამიანის, ვინც თანახმაა, რომ აიცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.