თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამერიკელ ტომ პოლთან შეხვედრა სამ სეტში წააგო.
ბასილაშვილისთვის მატჩი კარგად დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდებისას პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. მიუხედავად კარგი დასაწყისისა, ნიკოლოზმა ამერიკელისგან ორი საპასუხო ბრეიკი მიიღო და პირველი სეტი ანგარიშით 6:4 დათმო.
მეორე სეტიც პირველის მსგავსად დაიწყო. ჩოგბურთელებმა თავიანთი ჩაწოდებები კვლავ დათმეს. ამის შემდეგ ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკამდე უდანაკარგოდ იასპარეზეს, ტაი-ბრეიკზე კი ბასილაშვილი უშანსოდ, 7-0 დამარცხდა.
შეხვედრის მესამე სეტში მატჩის ბედი ტომ პოლის მიერ შესრულებულმა ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა და საბოლოო ანგარიში 3-0 (6:4, 7:6, 6:4) დაფიქსირდა.
ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგში განაგრძობს ასპარეზობას. ის გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად ითამაშებს, ამ წყვილის მეტოქე პირველ წრეში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი კოლუმბიელების ხუან-სებასტიან კაბალისა და რობერტ ფარას წყვილი იქნება. წყვილების შეხვედრა 11 თებერვალს, საქართველოს დროით დილის 04:00 საათზეა ჩანიშნული.