თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ჩაუდგება სათავეში.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან პარლამენტის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა დაადასტურა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგეგმება“, – განაცხადა მენაღარიშვილმა ამ თემაზე კომენტარისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ დადგენილება უკვე მომზადებულია.
იანვრის ბოლოს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ დამოუკიდებელ უწყებად – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად გაიყოფა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებდა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაწილი გახდება.
რაც შეეხება წულუკიანს, ამ დროისათვის იგი პარლამენტის დეპუტატია და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
წულუკიანი „ქართული ოცნების“ მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრი იყო. მან მინისტრის პორტფელი 2012 წელს მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში მიიღო და თანამდებობაზე ყველა სხვა მინისტრზე დიდხანს დარჩა. მან იმუშავა ხუთი პრემიერ-მინისტრის – ბიძინა ივანიშვილის, გიორგი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას დროს.