ცნობილი გახდა სკოლებში ექსტერნატის ფორმით გამოცდების და მსურველთა რეგისტრაციის თარიღები

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ექსტერნად გამოცდის ჩაბარების მსურველებს უფლება აქვთ, რეგისტრაციისთვის რესურს-ცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ექსტერნატის ფორმით I-XII კლასების პროგრამების დაძლევის მსურველთა რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა, ნათქვამის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისთვის რეგისტრაცია 2021 წლის 8 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 18 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდში.

სკოლები საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზად არიან

„ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურს-ცენტრში წარადგენს.

თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში, მან განცხადება უნდა შეიტანოს იმ რესურს-ცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს შესაბამისი სკოლა; თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ რესურს-ცენტრში. 

რეკომენდაციები და სავალდებულოდ შესასრულებელი წესები, რომლებიც სკოლებმა უნდა დაიცვან

უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ სკოლის საქმისწარმოების წესის შესაბამისად – როგორც მატერიალურად, ისე დისტანციურად.

ასევე, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად (ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით მატერიალურად ჩააბარონ რესურს-ცენტრის წარმომადგენელს). რესურს-ცენტრი ორი დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.

რესურს-ცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.