11 წლის გოგონას შესაძლო ნიშნობის ამსახველი ვიდეომასალით შსს დაინტერესდა

სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების მუხლით დაიწყეს
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის ამსახველ ვიდეომასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ, სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 8 თებერვალს გავრცელდა.

თუ არასრულწლოვანთან იქორწინებთ... რას ითვალისწინებს კანონი

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

სავარაუდო ნიშნობის ამსახველ ფოტოს ახლავს წარწერა, რომლის თანახმად ეთნიკური აზერბაიჯანელი 11 წლის გოგონას და 15 წლის ბიჭის სავარაუდო ნიშნობა ფონიჭალაში მოხდა.