ბათუმში აქციაზე დაკავებულ პირებს ჯარიმები დაეკისრათ

თბილისსა და ბათუმში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ კომენდანტის საათის მოქმედების დროს საპროტესტო მსვლელობები გაიმართა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ  11 დაკავებულიდან ცხრა პირს სასამართლომ 1000-ლარიანი, ორს კი - 1 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, იუწყება პირველი არხი.

გუშინ ბათუმში, გმირთა ხეივანში ახალგაზრდა აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. საპროტესტო მსვლელობა პოლიციასთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებები „დაუმორჩილებლობის ღამეს“: შსს ინფორმაციას ავრცელებს

სასამართლოს მიმდინარეობისას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დღეს ხმაური იყო. ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული პირების ახლობლები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

„არ ვიხდით არანაირ ჯარიმას, რადგან უსამართლოდ დაგვაჯარიმეს, შეეძლოთ დაკავების გარეშე დავეჯარიმებინეთ, გვებრძვიან ძალადობით, ჩვენ კი პროტესტს მანამდე გავაგრძელებთ, სანამ იქნება კომენდანტის საათი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ბათუმის გარდა, გუშინ თბილისშიც მსვლელობით გააპროტესტეს. აქციებზე მთავარი მოთხოვნა იყო კომენდანტის საათის გაუქმება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გასული წლის ნოემბრიდან მეორედ დაწესდა. მისი დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას იწვევს.

საქართველოში დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვლიდან მათი ნაწილი გაუქმდა, ხოლო ორშაბათს შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება.