რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „საქართველოს საკმაოდ ძლიერ გუნდი ჰყავს“

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებს შორის დაპირისპირება ევროპის ერთა თასის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლინ ჯონსი მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მატჩი, რომელიც ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების ფარგლებში 7 თებერვალს თბილისში გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ უელსელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მსოფლიო თასის შემდეგ, ნაკრებისთვის ახალი მორაგბეებს ვარჩევთ - ეს ბუნებრივი პროცესია. საქართველოსთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო თასზე ჩვენ ყველაზე ასაკოვანი ნაკრები გვყავდა. ახლა ნაკრების თავიდან აშენების დროა, ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტად უნდა ვენდოთ და მათ განვითარებაზე ვიფიქროთ. ჩემპიონატში რამდენიმე ნიჭიერი მორაგბე აღმოვაჩინე. მე მომავლის გუნდს ვაშენებ. საქართველომ შემოდგომის ერთა თასზე კარგად ითამაშა. მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ“, - აღნიშნა ჯონსმა.

ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ვიქტორ გრესევმა. „ამ მატჩისთვის დიდი ხანია ვემზადებით და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ის არაფერს შეცვლის, ხვალ საკმაოდ რთული თამაში გველის. ევროპის ერთა თასში საქართველო ყველაზე ძლიერი გუნდია და მათ შესაბამისი განწყობაც აქვთ“, - აღნიშნა მან.

რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „საქართველოს საკმაოდ ძლიერ გუნდი ჰყავს“

ამასთან გრესევმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ კოვიდშეზღუდვების გამო შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.

„როდესაც „დინამო არენაზე“ 50 ათასი ქომაგი თავის გუნდს გულშემატკივრობს, ეს მოტივაციას ჩვენც გვმატებს. მერე რა, რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ ქომაგობენ. ჩვენ გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ. სამწუხაროა, რომ თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება“, - განაცხადა გრესევმა.

მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების დასკვნითი ტურის ფარგლებში გაიმართება.

რუსეთ–საქართველოს მატჩს რაგბიში მასმედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა გააშუქებს

თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე 7 თებერვალს გაიმართება. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო შეხვედრის ჩატარება 14 მარტს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მე-12-დ.

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.

2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 579:269, ლელოს რაოდენობა კი - 66:16.