მთავარი ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

ჩინეთის მოქალაქე სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რიკოთის უღელტეხილზე აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited აშენებს. ამ კომპანიამ სპეციალისტების ნაწილი ჩინეთიდან ჩამოიყვანა.

უწყების ცნობით, 50 წლის მამაკაცი სამუშაოს შესრულებისას შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

რიკოთის უღელტეხილზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო. გვირაბის სიგრძე 1,8 ათასი მეტრი იქნება. აქედან 200 მეტრი უკვე გაჭრილია. გვირაბი ჩუმათელეთი–ხევის გზის მონაკვეთზე არსებული გვირაბის პარალელურად შენდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.