ლევან მაისაშვილი: „ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი თამაში იქნება“

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისი შეგირდები კარგად არიან მომზადებული თამაშისთვის და ხვალ დინამიურ შეხვედრას ელოდება
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მატჩის სცენარი, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 7 თებერვალს გაიმართება, მის აღსაზრდელებზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ მან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „საქართველოს საკმაოდ ძლიერ გუნდი ჰყავს“

„ნაყოფიერი კვირა გვქონდა და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ. გუშინ ბიჭებს დასვენების დღე ქონდათ, რაც ძალების აღდგენაში დაგვეხმარა. ველოდებით დინამიურ თამაშს და ვეცდებით შემტევი რაგბი ვაჩვენოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის უპირატესობები, რაც მეტოქესთან გაგვაჩნია. როგორი იქნება თამაშის სურათი, ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსნების“ თავკაცმა რუსეთის ნაკერების კარგი მომზადებაც აღნიშნა.

„რუსეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. ისინი მუდმივად ცდილობენ ახალი სახეების შემოყვანას, რათა ჩვენთან არსებული ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახონ. გუნდი ფიზიკურად და ტექნიკურად კარგადაა მომზადებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა კომპონენტში უპირატესობა გვექნება“, - განაცხადა მაისაშვილმა.

მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების დასკვნითი ტურის ფარგლებში გაიმართება.

რაგბი: დასახელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან მატჩისთვის

თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე 7 თებერვალს გაიმართება. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო შეხვედრის ჩატარება 14 მარტს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მე-12-დ.

ლევან მაისაშვილი: „ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი თამაში იქნება“

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.

2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 579:269, ლელოს რაოდენობა კი - 66:16.