თაღლითობა ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბრალდებულები მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზების გაკეთებას მოტყუებით სთავაზობდნენ. დაკავებულები წარსულში ანალოგიურ საქმეზე არიან მხილებულები.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იუწყება პირველი არხი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 თებერვალს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდნენ, თანხის აღების შემდეგ კი წყვეტდნენ მათთან კავშირს.

დაკავებულია ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზებს ჰპირდებოდნენ

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ბრალდებულისგან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულები მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. უწყების ცნობით, ბრალდებულები ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე იყვნენ მხილებულები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.