აკუნინი, ტონკინი, ხარატიშვილი – საქართველო ლიტერატურულ ონლაინ–ფესტივალს ჩაატარებს

თებერვალში ქართულ ვირტუალურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ბორის აკუნინი, ნინო ხარატიშვილი, ბოიდ ტონკინი და მსოფლიო ლიტერატურის სხვა აღიარებული ფიგურები.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. მწერალთა სახლის ინიციატივით 25-28 თებერვალს ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის გაიმართება ქართული ლიტერატურული ონლაინ–ფესტივალი – Georgia’s Fantastic Tavern - Where Europe Meets Asia („საქართველოს ფანტასტიკური ტავერნა – ევროპა ხვდება აზიას“).

ფესტივალის პარტნიორები არიან ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმა – Words Without Borders.

ცნობილი გახდა „წლის წიგნის ქომაგის" ვინაობა

ფესტივალის კონცეფცია და პროგრამა შემუშავდა მწერალთა სახლისა და ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის მაია ჯაგის თანამშრომლობით, რომელიც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 11 ღონისძიება, რომლებზეც მწერლები ისაუბრებენ თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე, ქართულ სამზარეულოზე.

ფესტივალის პირველ დღეს, 25 თებერვალს საუბარს წარმართავენ ცნობილი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი და მაია ჯაგი. ამავე დღეს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი.

26 თებერვალს ვირტუალური მსმენელი მოუსმენს ბექა ადამაშვილსა და ლაშა ბუღაძეს, ასევე ბრიტანელ ჟურნალისტსა და მწერალს კლერ არმიტსტედს.

ქართველი მწერლის რომანი 2020 წლის საუკეთესო წიგნების ათეულში მოხვდა>>

ქართულ სამზარეულოზე 27 თებერვალს ცნობილი ქართველი მზარეული ლუკა ნაჭყებია ისაუბრებს, ხოლო ხელოვნებაში პიონერ ქალებზე – რეჟისორი და მწერალი ნანა ექვთიმიშვილი და მწერალი თამარ მელაშვილი.

ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურული პრემია ნინო ხარატიშვილს ერგო

ამავე დღეს რუსეთის იმპერიის საიდუმლოებებზე ისაუბრებენ მწერალი ბორის აკუნინი და ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი ბოიდ ტონკინი.

ფესტივალის დასკვნით დღეს ვირტუალურ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი პოეტი ლინ კოფინი, ასევე ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი მორინ ფრილი. მწერალი არჩილ ქიქოძე კი ამერიკელ ჟურნალისტთან უენდელ სტივენსონთან ერთად მოაწყობს „გასეირნებას თბილისში“.

თანამედროვე საქართველოში მამაკაცის თემაზე იმსჯელებენ მთარგმნელი და მწერალი დავით გაბუნია და სამხრეთაფრიკელი მწერალი მარკ გევისერი. ბოლო შეხვედრაზე მწერლები ზურაბ ქარუმიძე და ბოიდ ტონკინი ისაუბრებენ პოლიფონიაზე, პროზაზე და ჯაზზე.

ყველა ღონისძიება ონლაინ–ფორმატში ჩატარდება.