თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ეპიდსიტუაციის შესაბამისად შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება, თუმცა რისკები ყველა შემსუბუქების დროს არსებობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%–მდე შემცირდა, შესაბამისად მთავრობამ დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილზე ადრე მიიღო.
გამყრელიძის განმარტებით, ვინაიდან დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა, მოსახლეობამ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია.
„1 თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები განხორციელდა. ეპიდსიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ და თანდათანობით შემსუბუქებები მიმდინარეობს. რისკები ყველა შემსუბუქების დროს არის, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ და ისევ შევიქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და არსებული წესები მკაცრად დაიცვან.
„ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება. ვიდრე მოსახლეობის 70 პროცენტი არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება. რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ, მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა“, - ამბობს გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, ნოემბერ-დეკემბერის თვეებთან შედარებით, დადებითობის მაჩვენებელი 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ მოსახლეობა არსებულ პროგრესს უნდა მოუფრთხილდეს.
„დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
რესტორნები აკრძალვის მიუხედავად მუშაობის განახლებას აანონსებენ >>
დღეს ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. დღეისათვის პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 583-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 260.480-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.