მარია ზახაროვა: დასავლეთი ყოველთვის მოძებნის სანქციებისთვის საბაბს

მოსკოვის სასამართლომ სკანდალურად ცნობილ ბლოგერ ალექსეი ნავალნის პირობით სასჯელი რეალურით შეუცვალა, რასაც დასავლეთის სახელმწიფოებიდან ახალი სანქციების დაწესების მუქარა მოჰყვა.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ალექსეი ნავალნის საქმის გამო დასავლეთის მხრიდან ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს მსგავსი ნაბიჯებისთვის საბაბი არ სჭირდებათ.

„მათ არ აინტერსებთ საკითხის არსი. მათ ნებისმიერი საბაბი აწყობთ. თუ ის არსებობს, ყველაზე ბნელი კუნჭულიდან ამოიღებენ, თუ არ არსებობს — მოიგონებენ ან შექმნიან. ეს არის ტაქტიკა, რომელიც იყო 2020 წელშიც, 2016-შიც და 2011–შიც. შეკავების მცდელობის ეს ტაქტიკა უკვე ბევრი წელია, რაც ხორციელდება და ჩვენ ვხედავთ, რომ საამისოდ ისინი სრულიად განსხვავებულ საბაბებს იყენებენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რეალობის ცოდნა, საკითხის არსში ჩაღრმავება და მასში გარკვევა“, — განაცხადა დიპლომატმა.

სამშაბათს მოსკოვის სიმონოვსკის სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი 3,5 წლით საერთო რეჟიმის კოლონიით შეუცვალა. ამის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ნავალნის ინციდენტი: ლავროვმა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია იმ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებდნენ, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და თავიანთი ქვეყნების პრობლემებით დაკავდნენ. მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები მოცემულ თემაზე „დაკოპირებულად“ შეაფასა, ხოლო პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი არ აპირებს, ყური მიუგდოს ნავალნის შესახებ უცხოეთიდან გახმოვანებულ განცხადებებს.

სასამართლოებმა უკვე სამჯერ განიხილეს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის წარდგინებები ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლის შესახებ, თუმცა არც ერთხელ არ დააკმაყოფილეს ეს მოთხოვნა. ნავალნის უბრალოდ გამოსაცდელ ვადას უხანგრძლივებდნენ.

მოსაზრება: რატომ თამაშობს ნავალნი გერმანელებთან „ნოვიჩოკით?“>>

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ნავალნიმ 60-ჯერ დაარღვია სისხლის სამართლის აღმასრულებელ ინსპექციაში სავალდებულო აღნიშვნის წესი (მას თვეში ორჯერ ევალდებოდა ამის გაკეთება) და ამასთან არაერთი ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა — დაწყებული დიდი რაოდენობით ფულადი ჯარიმებიდან, დასრულებული დაკავებებით. ამ ფაქტებიდან თითოეული ცალ–ცალკე და ერთად, კანონის თანახმად, პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული პრაქტიკა რუსეთში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, მარტო გასულ წელს პირობითი სასჯელი რეალურით 11,3 ათას კაცს შეეცვალა, ხოლო 2019 წელს — 15 ათასზე მეტს.

რუსული მხარის ცნობით, ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ნიშნით დევნას არ აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: სტრასბურგმა „ივ როშეს“ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ აღმოაჩინა, თუმცა შინაპატიმრობისთვის კომპენსაციის გადახდა კი დააკისრა რუსეთს, რომელიც უკვე გადახდილია.