საქართველოში ინდოეთის საელჩო გაიხსნება

ინდოეთის რესპუბლიკის ელჩის კაშან დენ დიუალის განცხადებით, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე ქვეყანაში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. 

საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

„მისასალმებელია ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რამდენადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სულ უფრო ვითარდება“, – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი გახარიამ. 

ინდოეთის ელჩმა დაადასტურა მისი ქვეყნის მზადყოფნა – მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო ინტენსიური გახდეს. უკვე დასრულებულია შესაბამისი მიზანშეწონილობის კვლევა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, უახლოეს მომავალში შედგება.

ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კვლევა 2019 წელს დასრულდა. ქვეყნებმა კვლევის დაწყების შესახებ შეთანხმებას 2017 წელს მოაწერეს ხელი. კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება პოზიტიურად აისახება მხარეებზე – ეკონომიკურ კეთილდღეობასა და საქონელბრუნვაზე.

საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სფეროების კუთხით.