ეკონომიკური რეფორმები და თავდაცვის კოდექსი - პარლამენტის თავმჯდომარემ გეგმებზე ისაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სიტყვებით, უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანომ პოსტკრიზისულ პაკეტზე მუშაობა უნდა დაიწყოს
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი 2021 წელს ეკონომიკური რეფორმების ახალ პროექტს, თავდაცვის კოდექსსა და სხვა რეფორმების პროექტებს მიიღებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

მხედრით სვლა „მოქალაქეებისგან“ – რა ხდება საქართველოს პარლამენტში >>

მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2020 წლის 10 დეკემბრიდან შეუდგა. დღეისათვის მის აქტივშია 2021 წლის ბიუჯეტი, კორონავირუსის ვაქცინაზე მთავრობის პასუხისმგებლობის შესახებ კანონის გარანტიები, პატიმრების ამნისტია, დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებამოსილებების გაფართოება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაცია, პარტიული დაფინანსების რეფორმის დაწყება და ნარკოპოლიტიკის შერბილება.

ეკონომიკური რეფორმები

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანომ ეკონომიკის პოსტკრიზისულ პაკეტზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

ჩვენ გველის გაკოტრება?! ანუ რას გვპირდება ახალი კანონი

„ეს გულისხმობს საბიუჯეტო პროცესის ხელმძღვანელობას, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას და მთავრობასთან ერთად სტრუქტურული რეფორმების შემდგომი ეტაპის და საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის განხორციელებას, აგრეთვე, პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენის რეფორმებზე მუშაობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, რეფორმები მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას, კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, „სტარტაპების“ მხარდაჭერას.

თავდაცვის რეფორმა

საკანონმდებლო ორგანოს წლევანდელ გეგმაშია ასევე ახალი თავდაცვის კოდექსის შემუშავება, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.

„საქართველოს პარლამენტი მიიღებს თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მანდატების შენარჩუნება ოპოზიციისთვის – ახალი შანსი თუ კონსტიტუციის დარღვევა

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ რეფორმის დეტალებზე არ უსაუბრია.

საარჩევნო რეფორმა

თალაკვაძეს არც მმართველი პარტიის დანაპირები - საარჩევნო სისტემის რეფორმა - დავიწყებია.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

მან შემთხვევით ისარგებლა და რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისა და რეფორმების გატარებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

სხვა გეგმები

პარლამენტის გეგმებს შორის არის, ასევე, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სექტორის რეფორმის გაგრძელება.

უყურადღებოდ არც განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები დარჩება.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი სამოქმედო გეგმა, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

2020 წელს საქართველოს პარლამენტმა 51 სხდომა ჩაატარა და 515 კანონპროექტი დაამტკიცა, აქედან 367 - საქართველოს მთავრობის ინიციატივით.