მიაქციეთ ყურადღება! აუხსნელი მიზეზით ხმის ჩახლეჩვა შეიძლება ფილტვების კიბოს ნიშანი იყოს

მედიკოსები ამბობენ, რომ ფილტვების კიბოს სიმპტომები ადრეულ სტადიებზე არ იჩენს თავს და მხოლოდ დაავადების ზრდა-განვითარების კვალდაკვალ ვლინდება
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თუ ადამიანს გაუგებარი მიზეზებით ხმა შეეცვალა — ჩაეხრინწა ან შეუსუსტდა — ეს შესაძლოა საშიში დაავადების ნიშანი იყოს, წერს Express-ი.

თითების მდგომარეობით ფილტვის კიბოს ნაადრევად დადგენა შეიძლება: ბრიტანული კვლევა

გამოცემა, ეყრდნობა რა ფილტვის კიბოს საერთაშორისო ფონდის მონაცემებს, განმარტავს, რომ ხმის ჩახლეჩა შეიძლება ფილტვის კიბოს სიმსივნით იყოს გამოწვეული, რომელიც გულმკერდის ღრუში მდებარე ხორხის ნერვს აწვება. ეს ნერვის დამბლას ან დასუსტებას, ზოგჯერ კი სახმო იოგების დამბლასაც იწვევს.

ფონდის სპეციალისტების თქმით, ფილტვების კიბო, როგორც წესი, ადრეულ სტადიებზე არ იჩენს თავს. თუმცა დაავადების განვითარების კვალდაკვალ,ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა განუწყვეტელი ხველება ორი–სამი კვირის განმავლობაში და ასევე სისხლიანი ნახველი.

რაც შეეხება ხმის ჩახლეჩვას, მედიკოსები ამბობენ, რომ ეს ფილტვების კიბოს გავრცელებული სიმპტომი არ არის და დაავადებულთა მხოლოდ ერთ პროცენტში გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში.

„ყველა ჩვენგანს შეიძლება ჩაეხლიჩის ხმა რაღაც მომენტში — მაგალითად, როცა საყვარელ საფეხბურთო გუნდს ვგულშემატკივრობთ ყვირილით, ან დიდი ხნის განმავლობაში გაუჩერებლად ვლაპარაკობთ. მაგრამ თუ ხმა აუხსნელი მიზეზებით გეხრინწებათ ან გისუსტდებათ — ეს შეიძლება ფილტვების კიბოს ნიშანი იყოს“, — აცხადებენ სპეციალისტები.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ფილტვების კიბოს სწრაფი ზრდა–გავრცელება ახასიათებს და ამიტომ აუცილებელია, პირველი სიმპტოებისთანავე — მათ შორის, ხმის აუხსნელი ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლი მიმართოთ ექიმს.  

მანამდე  ორგანიზაცია Leukemia Care-ს სპეციალსტებმა განაცხადეს, რომ სისხლის კიბოს მოულოდნელი სიმპტომი შეიძლება იყოს ჭარბი ოფლიანობა და ღამით სიცხის შეგრძნება.