რესტორნები აკრძალვის მიუხედავად მუშაობის განახლებას აანონსებენ 

თვითნებურად გახსნის გადაწყვეტილება „სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. სარესტორნო ბიზნესი მუშაობის განახლებას 6 თებერვალს თვითნებურად გეგმავენ. წერს სოციალურ ქსელში „გასტრონავტის" თანადამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი.

თბილისს ვაკვირდებით: კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის დინამიკა ქვეყანაში

ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების თანახმად რესტორნებსა და კაფე-ბარებს მუშაობა მხოლოდ გატანაზე შეუძლიათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან  კვების ობიექტების ღია სივრცეებში კლიენტების მიღება მხოლოდ აჭარაში დაიშვა. ამასთან, რესტორნების თანამშრომლებმა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიარონ. რესტორნებისა და კაფეების მხოლოდ ერთ რეგიონში გახსნის გადაწყვეტილებამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. სარესტორნო სექტორის წარმომდგენლების ნაწილი დაუმორჩილებლობაზე ალაპარაკდა.

„სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები“, - დაწერა ლევან ქოქიაშვილმა.

როგორც ლევან ქოქიაშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება რესტორატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.

„აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი," - წერს ქოქიაშვილი.

ბათუმის ერთ–ერთი რესტორანი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა

გასულ კვირაში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ყოველდღე იმართებოდა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ. ქუჩაში გამოვიდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, ანიმატორები, რესტორატორები, კურიერები, ფიტნეს-ცენტრების მფლობელები და რიგითი მოქალაქეები. მათ ჰქონდათ ერთი მოთხოვნა: „არ გვსურს გაკოტრება ან შიმშილით სიკვდილი, მოგვეცით მუშაობის საშუალება“.

„მოთმინება გვმართებს“ – თურნავამ რესტორატორებს უპასუხა >>

ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ რესტორნების გახსნა სახიფათოა, რადგან ერთ მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს პირბადეები არ უკეთიათ. მათი თქმით, ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა ინფიცირების შემთხვევების ზრდას გამოიწვევს. სპეციალისტები აკვირდებიან დადებითობის მაჩვენებლის დინამიკას და მის გარკვეულ ნიშნულამდე შემცირების შემთხვევაში „თბილისშიც შესაძლებელია შემდგომ გარკვეული შემსუბუქების ნაბიჯების გადადგმა“.