თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. თუ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, ისინი კანონის მიხედვით მანდატებს დაკარგავენ, განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა >>
საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
„კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თუკი დეპუტატები საპარლამენტო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათ უფლებამოსილება უწყდებათ. ამიტომ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, მათი განცხადების გარეშეც დადგება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიამ, რომლებმაც სადეპუტატო მანდატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოიპოვა, არჩევნებიდან ერთ კვირაში მანდატებზე უარის თქმის შესახებ განაცხადები დაწერა და ცესკოში თავიანთი პარტიული სიები ჩახსნა.
ისინი ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, მოითხოვენ ახალ ვადამდელ არჩევნებს და ამას პარლამენტში დაბრუნების მთავარ პირობად ასახელებენ.
ამ პირობას არ ეთანხმება მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პარლამენტში 150-დან 90 ადგილი უკავია. კომპრომისის სახით „ოცნება“ მზად არის შეცვალოს საარჩევნო სისტემა და საგამოძიებო კომისიის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნების მსვლელობა შეისწავლოს.
ამ პირობებს უკვე დაეთანხმა ოთხი დეპუტატი, რომლებმაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რიგები დატოვეს, ასევე „მოქალაქეების“ ორი წარმომადგენელი.
რაც შეეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებს, მათ განაცხადეს, რომ დატოვებენ პარლამენტს, თუ დანარჩენი ოპოზიციაც უარს იტყვის მანდატებზე.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს გაიხსნა და ივნისის ბოლომდე გასტანს.