პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეცნენ ერთპარტიული მართვის ცდუნებას“ და „მისცენ დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად“.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა. დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 ოპოზიციონერის მოთხოვნის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება იყო.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ ჩამოართმევს

კენჭისყრაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „ევროპელი სოციალისტებისა“ და „მოქალაქეების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ. კანონმდებლებმა, რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული დეპუტატის განცხადება ინდივიდუალურად განიხილეს და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

შესაბამისად, ოპოზიცია ფორმალურად პარლამენტში რჩება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებისგან თავის შეკავებისა და ოპოზიციისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის წინ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და ამომრჩეველთა მანდატით მიცემული დავალების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ერთიანობის დრო დადგა“ - სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მიმართა>>

დეპუტატები, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით დეკემბერში მიმართეს, არიან: ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (ხუთი მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (ოთხი მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (ოთხი მანდატი) და ლეიბორისტული პარტიის (ერთი მანდატი) წარმომადგენლები. ასევე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩის“ სახელით.

ელისაშვილი: ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ,  ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის

51 დეპუტატთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირაში იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ.

ამჟამად 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების მიერ, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს, და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დღეს პირველად შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას.