თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმის „ბედნიერების ღმერთის“ ჩვენება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვირტუალურ კინოკლუბში შაბათს, 6 თებერვალს გაიმართება.
„არ მინდა პანდემიის დროს გაჩერება“ – რეჟისორი ცინცაძე მალე კინოს გადაღებას დაიწყებს>>
სურათის სიუჟეტით, უმუშევარი მსახიობი გიორგი მოულოდნელად თავის 15 წლის ქალიშვილს ხვდება, რომელიც 10 წელია არ უნახავს. ის ყველანაირად ცდილობს, შვილს აჩვენოს, რომ მდიდარი და წარმატებულია, მაგრამ გოგონას მოტყუება არც ისე ადვილია.
ფილმი 2015 წელსაა გადაღებული და არის საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქცია. მთავარ როლებს ასრულებენ ლაშა ბაქრაძე, თინა მელიავა, ნადეჟდა ბრენიკე, ელი ჯეიმს ბლიზესი და უფუკ ბოზკურტი.
სეანსი 22:00 საათზე ცოცხალი ეთერის ფორმატში დაიწყება. ვირტუალური კლუბის წევრობა შესაძლებელია აქ.
დიტო ცინცაძე ქართველი რეჟისორი და სცენარისტია. მან 1988 წლიდან მოყოლებული 13 ფილმი გადაიღო. მისი ბოლო ფილმი „შინდისი“ „ოსკარის“ პრემიისთვის იბრძოდა „საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმის“ კატეგორიაში, თუმცა პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.
ცინცაძის ფილმი „დაკარგული მკვლელები“ 2000 წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს განყოფილებაში „განსაკუთრებული ხედვა“. ცინცაძე იყო მოსკოვის 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი. ცხოვრობს ბერლინში.
ქართული ფილმი „შინდისი“ ინდოეთში ფესტივალის პრიზიორი გახდა>>
ფილმისთვის „ბედნიერების ღმერთი“ დიტო ცინცაძემ 2015 წელს ბიბერახში დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო, ასევე ვენაში დამოუკიდებელი კინოს ფესტივალზე პრიზი „საუკეთესო რეჟისურისთვის“.