თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ზოგს მიაჩნია, რომ ინდაურის ხორცი ქათმის ხორცთან შედარებით უფრო დიეტური და ამასთან უფრო ხარისხიანი პროდუქტია, თუმცა რეალურად ასე არ არის, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ეკატერინა ბურლიაევა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
„ქათმისა და ინდაურის ხორცში შემავალ ძირითად საკვებ ნივთიერებებში (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) განსხვავება პრაქტიკულად არ არის. კალორიულობის მიხედვით სხვაობა უმნიშვნელოა — 20-30 კილოკალორია. არც ვიტამინებსა და მინერალებშია განსხვავება. სხვაობა არის ამინომჟავების შემადგენლობაში: თუ შევადარებთ ქათმის მკერდსა და ინდაურის მკერდს, ქათამს უფრო მომგებიანი პოზიციები აქვს შეუცვლელი ამინომჟავების თვალსაზრისით. შეუცვლელი ამინომჟავები არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და აუცილებლად საკვებით უნდა მოხვდეს“, — განმარტავს ექსპერტი.
ეკატერინა ბურლიაევამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფრინველის კანი გაცილებით ცხიმიანია, ვიდრე თავად ხორცი, ამიტომ ჭარბწონიანებმა მისი მიღება უნდა შეზღუდონ.
საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, სასურველია ფრინველის ხორცი გამოაცხოთ, ჩაშუშოთ ან ორთქლზე მოამზადოთ. შეწვაც შეიძლება, თუმცა სასურველია ზეთის გარეშე, მშრალ ტაფაზე.
დიეტოლოგის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქათმის ან ინდაურის ხორცის ხარისხს განსაზღვრავს — ეს არის ის პირობები, რომელშიც ფრინველი გაიზარდა.
„არსებობს მოსაზრება, რომ ქათამი 2-3 თვეში იზრდება თითქოს დიდი რაოდენობით ჰორმონების შეყვანის გამო, ხოლო ინდაურში ჰორმონები არ შედის, ვინაიდან მას სხვაგვარად ზრდიან“, — ამბობს სპეციალისტი.
თუმცა, მისი თქმით, ფერმებში ქათმებიცა ინდაურებიც ერთნაირ პირობებში იზრდება და შესაბამისად, ხორცის ქიმიური შემადგენლობაც მსგავსია.
- „ხორცის ეს მახასიათებლები დამოკიდებულია გამოზრდის პირობებზე, ეს არ არის ფრინველის თვისება“, — აღნიშნავს ბურლიაევა.
მანამდე იაპონელმა ექსპერტებმა დაადგინეს, თუ ქათმის რომელი ნაწილების ჭამა აყენებს ორგანიზმს ზიანს მათში შემავალი პარაზიტების გამო.