„დეპუტატების მანდატები იაფად“ – პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება

მუყაოს ჯიხური პარლამენტს ასახიერებს, სადაც სადეპუტატო მანდატებით ვაჭრობა მიმდინარეობს, აცხადებენ აქციის მონაწილეები.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე შეკრებამდე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია–პერფორმანსით შეხვდნენ.

ხალხის რჩეულთ სამუშაო ადგილზე მისვლისას ახალგაზრდები დახვდნენ შეძახილებით „მონებო“, „მოღალატეებო“.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხია. 

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ ჩამოართმევს

აქციის მონაწილეები ერთპარტიულ პარლამენტს და იმ ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლებმაც ბოლო მომენტში დაიკავეს დეპუტატის სავარძლები.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელთან მუყაოს ჯიხური დადგეს, რომელშიც მათ მიერ დამზადებულ დეპუტატის მანდატებს სიმბოლურ ფასად „ყიდიან“. ჯიხურზე მიმაგრებულია დეპუტატების ფოტოები წარწერით „იაფი მანდატები“, „გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად“ და ა.შ.

გარდა ამისა, ახალგაზრდებმა ნაგვის ურნაში მოათავსეს პარტია „მოქალაქეების“ წევრების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ფოტოები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილება ბოლოს შეცვალეს და პარლამენტში შევიდნენ.

აქტივისტების თქმით, ახლანდელ პარლამენტში მუშაობა ღალატის ტოლფასია, რამდენადაც ეს მანდატები არ გამოხატავს ხალხის ნებას.

„დღევანდელი აქცია–პერფორმანსი გაყალბებულ არჩევნებს ეხება. დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომაა და პარლამენტში ეს კლოუნადა არსებულ რეალობას ასახავს. ალეკო ელისაშვილი და სხვა დეპუტატები, რომლებიც ოპოზიციიდან პარლამენტში შევლენ, სანაგვე ურნაში აღმოჩნდებიან. დეპუტატის მანდატები სიმბოლურ ფასად იყიდება, ისინი არ გამოხატავს ხალხის ნებას, არამედ უბრალო ქაღალდია, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ცოტნე ვადაჭკორიამ. 

„პრინციპულად მნიშვნელოვანია" – საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას შეუდგა

სხდომის დღის წესრიგში 51 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხია, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს. ესენი არიან: ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (ხუთი მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (ოთხი მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (ოთხი მანდატი) და ლეიბორისტული პარტიის (ერთი მანდატი) წარმომადგენლები. ასევე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩის“ სახელით.

თუმცა, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველმა პარტიამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებისგან თავის შეკავებისა და ოპოზიციისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ამჟამად 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს, და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დღეს პირველად შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას.