თემურ წიკლაურს კოჯორში დაკრძალავენ

ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ანსამბლ „ივერიის“ უცვლელი სოლისტი, 74 წლის თემურ წიკლაური 1 თებერვალს კორონავირუსის გართულებისგან გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ქართველ მომღერალსა და მსახიობს თემურ წიკლაურს 4 თებერვალს კოჯრის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ მისმა კოლეგამ და მეგობარმა ნუგზარ კვაშალმა აცნობა.

თემურ წიკლაურის პანაშვიდები სამშაბათსა და ოთხშაბათს ლურჯ მონასტერში გაიმართება, საიდანაც ხუთშაბათს, 14:00 საათზე გაასვენებენ.

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

„პანაშვიდი დღეს და ხვალ ლურჯ მონასტერში გაიმართება, სადაც სტიქაროსანი იყო რამდენიმე წელი. კოჯორში იქნება გასვენება, სადაც მისი გიორგია (შვილი) დასაფლავებული“, – აღნიშნა კვაშალმა.

თემურ წიკლაური 1 თებერვალს კორონავირუსის გართულების გამო გარდაიცვალა. მას კორონავირუსის დიაგნოზი დეკემბრის ბოლოს დაუსვეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მკურნალობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

არტისტი კორონავირუსით დეკემბრის ბოლოს თავისი ბოლო კლიპის გადაღებების ან, შესაძლოა, მონტაჟის დროს დაინფიცირდა. კორონავირუსი მთელ მის ოჯახს დაუდასტურდა. ყველაზე მძიმედ გადაიტანა დაავადება მისმა მეუღლემ, ლილი ზღვაურმა. რამდენიმე თვის წინ თემურ წიკლაურმა გულის ოპერაცია – კორონარული შუნტირება გადაიტანა.

დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.

კულტურის სამინისტრო თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან კი ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტია. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლებში: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და...“ (1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

17-ის ვარ და ამ ციფრებს გინდ შეუცვალე ადგილი, გინდ არა!>>

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თემურ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან. ჰყავს მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.