მაყაშვილების მრავალრიცხოვანი ოჯახი აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. მათი პოპულარობა მრავალ წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ თამარ მაყაშვილი სპექტაკლებში აღარ მონაწილეობს, მისი ქალიშვილები პანდემიის მიუხედავად წარმატებით აგრძელებენ კარიერულ წინსვლას. რუსკა მაყაშვილი ახალი მუსიკალური მეგა-შოუს „საქართველოს ხმის“ წამყვანობას უბრუნდება, ხოლო ნინუცა მაყაშვილი „რუსთავის 2“-ის დილის გამოშვების წამყვანია.
რუსკა მაყაშვილს და მის მეუღლეს, მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს ერთი შვილი უკვე ჰყავთ. პატარა ილია ნიჟარაძე უსაყვარლესი ბიჭუნაა. ამჟამად წყვილი მეორე შვილს ელოდება. რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში მისი დის ნინუცა მაყაშვილის რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ნინუცამ მომავალი დისშვილის სქესი გაამხილა.
რუსკა მაყაშვილის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მათი ფავორიტი მსახიობი ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ „ფოლოვერებს“ რამდენიმე თვის წინ რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა არ უთქვამს გოგონას ელოდება თუ ბიჭს. „გაგვიმართლა და მეორე არის გოგო“, – აღნიშნა ნინუცამ, რაზეც რუსკას „არაერთგვაროვანი“ რეაქცია ჰქონდა. ტელეწამყვანი მალევე მიხვდა, რომ საიდუმლო გაამხილა. „შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება, მომკლავს“, – განაცხადა ნინუცამ და, სავარაუდოდ, სხვა შემთხვევაში ამ კადრებს ამოჭრიდნენ, მაგრამ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა.
თამარ მაყაშვილის ქალიშვილები წლების წინ ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდნენ, რომელიც მათ ბიოლოგიურ მამას ეხება. გოგონებმა მტკივნეული თემა ერთობლივად გააანალიზეს და მამის გვარი მაყაშვილით ჩაანაცვლეს. ისინი ძველ ინტერვიუებში აღნიშნავენ, რომ ბიძამ გაზარდა და ამიტომ გადაწყვიტეს მაყაშვილები გამხდარიყვნენ.