რუსეთმა შეიძლება სასამართლოს მიმართოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასაცავად

რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გაზსადენთან დაკავშირებულ ვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებისა და ბიზნესის ლიდერების აზრია.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. რუსეთს შეუძლია სასამართლო მექანიზმები აამოქმედოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასაცავად, თუმცა მანამდე უნდა დადგინდეს, რომელ სასამართლოს შეიძლება მიმართოს ქვეყანამ, განაცხადა რუსეთის ექს-პრეზიდენტმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.

„თუ საამისოდ მაინც იქნება საბაბი, სასამართლოსთვის მიმართვა, რაღა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ მანამდე უნდა დაზუსტდეს — რომელი სასამართლოსთვის“, — ასე უპასუხა მედვედევმა კითხვას, შეუძლია თუ არა რუსეთს გაზსადენის საქმეზე სასამართლოში ჩივილი.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს როგორც ეროვნული, ისე საკონტრაქტო სასამართლოც.

გერმანიაში კვლავ მხარს უჭერენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულებას

„უნდა ვნახოთ, სად განიხილება მსგავსი დავები. პოტენციურად ალბათ ამერიკულ სასამართლოშიც შეიძლება ჩივილი, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება და, თანაც, არანაირად არ ვართ დარწმუნებული, რომ ამერიკული სასამართლო ამ საქმეში ობიექტურ პოზიციას დაიკავებს“, — დაამატა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ამასთანავე დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ მოცემულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყველა საკითხის სასამართლო განხილვების მომხრეა, უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოთა და ბიზნესების ლიდერთა აზრია.

  • „მათ თავისი სიტყვა უნდა თქვან“, — მიაჩნია მედვედევს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“.

აშშ-ის ხელისუფლება ეწინააღმდეგება პროექტს და ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. მოწინააღმდეგეთა შორის ასევე არიან უკრაინა და ევროპის ქვეყნები. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ. შედეგად, შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობს, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.

გაზსადენზე მუშაობა გასული წლის დეკემბერში განახლდა გერმანიის ეკონომიკურ ზონაში ხომალდ „ფორტუნას“ გამოყენებით. დანიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, პროექტზე მუშაობის განახლება მიმდინარე წლის 15 იანვრიდან გახდა შესაძლებელი. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა 19 იანვარს სანქციები დაუწესა ხომალდ „ფორტუნას“ და მის მფლობელ კომპანიასაც.