სამცხე-ჯავახეთში რუსეთთან და სომხეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი ოჯახებს ძირითადად რუსეთში მუშაობით არჩენენ, მაგრამ პანდემიის გამო მეორე წელია ვერ მუშაობენ
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ახალქალაქში ადგილობრივებმა რუსეთთან და სომხეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ადგილობრივი რადიოსადგური NOR.

მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან შეკრებილი ადამიანები, ძირითადად ეთნიკური სომხები, საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

მედიის მონაცემებით, აქციას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი, ადამიანები უბრალოდ მათთვის მტკივნეულ თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

პროტესტი ვენაში: ავსტრიიდან საქართველოსა და სომხეთში სამი გოგონას დეპორტაცია განხორციელდა

„თუ გასვლის და იქ მუშაობის უფლებას არ გვაძლევენ, მაშინ სამუშაო მოგვცენ. დავრჩებით და ვიმუშავებთ. თუ ასე გაგრძელდა, ადამიანები ქურდობაზე გადავლენ. ქურდობები დაიწყება. ჩვენ ფული აღარ დაგვრჩა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასამდე ადამიანმა პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა ოფიციალური წერილი საზღვრის გახსნისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესების თხოვნით.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ისინი ოჯახებს რუსეთში ნაშოვნი ფულით ინახავენ. პანდემიის გამო ისინი უკვე მეორე წელია ვერ მუშაობენ და ოჯახებს ვერ ინახავენ.
ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში 2020 წელს

შეკრებილების თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტში საზღვრები ჩაკეტა და საერთაშორისო ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

1 თებერვლიდან ხელისუფლებამ ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სახმელეთო საზღვრები ჯერჯერობით არ იხსნება. გამონაკლისს წარმოადგენს სატვირთო გადაზიდვები, რომელიც პანდემიის პერიოდში არ შეწყვეტილა.