თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს დაახლოებით 56,5 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 11,74%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ოდნავ მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან არ გადიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
დანაშაულის ყველაზე მცირე რაოდენობა აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.
თვე | დანაშაულის რაოდენობა |
დეკემბერი | 4 910 |
ნოემბერი | 4 197 |
ოქტომბერი | 4 835 |
სექტემბერი | 5 450 |
აგვისტო | 6 031 |
ივლისი | 5 366 |
ივნისი | 5 691 |
მაისი | 5 258 |
აპრილი | 3 493 |
მარტი | 4 224 |
თებერვალი | 5 692 |
იანვარი | 5 334 |
დანაშაული საქართველოში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 11 თვეში 17,9 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 23,14%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 5,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 65,99%.
მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 3,4 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 77,6%.
დანაშაულის სახეობა | დანაშაულის რაოდენობა |
ქურდობა | 17 888 |
ოჯახური ძალადობა | 5 202 |
ნარკოდანაშაული | 3 452 |
სატრანსპორტო დანაშაული | 3 105 |
მუქარა | 2 998 |