აზიის განვითარების ბანკმა „კრედო ბანკს“ კრედიტი გამოუყო

თანხა მოხმარდება დაბალი შემოსავლების მქონე ფერმების, ქალი მეწარმეების მიერ ორგანიზებულ მიკრო და მცირე საწარმოებსა და აგროტურიზმის ხელშეწყობას. 
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და „კრედო ბანკმა“ (Credo bank) ხელი მოაწერეს 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.

ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეარბილებს COVID-19-ის პანდემიის ნეგატიურ ეკონომიკურ ზეგავლენას რეგიონებში. თანხა მოხმარდება მიკრო- და მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაბალი შემოსავლების მქონე ფერმების, ქალი მეწარმეების მიერ ორგანიზებულ მიკრო და მცირე საწარმოებსა და აგროტურიზმის ხელშეწყობას. 

ყველაფერი მცირე ბიზნესისთვის - „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ხაზი ფართოვდება

„აღნიშული დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს და საშუალებას მისცემს მათ კვლავაც განაგრძონ წვლილის შეტანა ქვეყნის სურსათის უვნებლობის საქმეში“, - აცხადებს ADB-ის კერძო სექტორის საფინანსო ინსტიტუტების განყოფილების დირექტორი კრისტინ ენგსტრომი.

ADB-ს ინფორმაციით, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მათი უმრავლესობა კი თვითდასაქმებულია და შეზღუდული აქვს სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ფარგლებში გაწეულ ხელშეწყობაზე წვდომა.

Credo საფინანსო მომსახურების წამყვანი მომწოდებელია შინაური მეურნეობებისათვის, ასევე მიკრო- და მცირე მეწარმეებისთვის. ის ემსახურება დაახლოებით 220 ათას კრედიტორს, რომელთა 53% ქალები არიან.

საქართველო სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 100 მილიონ ევროს მიიღებს

2015 წელს ADB-ს დახმარებით „კრედო“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ბანკად გარდაიქმნა. 2019 წელს ADB დაეხმარა ბანკს იპოთეკური სესხების პროგრამით უზრუნველყოფაში, ფინანსური პროდუქტების შესახებ ცოდნის ამაღლებასა და სოფლად ქალთა ციფრული მომსახურების ხელმისაწვდომობის პროგრამების განხორციელებაში.

ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია.