თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისსა და ქუთაისში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა.

გასულ კვირაში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ყოველდღე იმართებოდა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ. ქუჩაში გამოვიდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, ანიმატორები, რესტორატორები, კურიერები, ფიტნეს-ცენტრების მფლობელები და რიგითი მოქალაქეები. მათ ჰქონდათ ერთი მოთხოვნა: „არ გვსურს გაკოტრება ან შიმშილით სიკვდილი, მოგვეცით მუშაობის საშუალება“.

სარესტორნო სექტორის ნაწილმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობაზე დაფიქრდება და აკრძალვის მიუხედავად შესაძლოა რესტორნები ორშაბათიდან გახსნას.

ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნის გზა არის არა აქციები, არამედ ვაქცინაცია

დღეს თბილისში პარლამენტის წინ აქცია არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" გამართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საკანონმდებლო ორგანოს წინ მაცივარი მიიტანეს წარწერით „ხალხს შია".

მათი თქმით, დაწესებული შეზღუდვების გამო მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასა და კომენდანტის საათის მოხსნას მოითხოვს.

ქუთაისში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და სთხოვენ, გაიხსნას ყველა ის დარგი, რომელიც ეკონომიკის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

მათი თქმით, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შეზღუდვები და მათ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

არამხოლოდ თბილისში: ესპანელმა რესტორატორებმა ქუჩებში „ქვაბების პროტესტი“ მოაწყვეს

აქციის მონაწილეები იმასაც აცხადებენ, რომ თუ ეკონომიკა დროულად არ გაიხსნება, მოსახლეობას შიმშილი ემუქრება.

1 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იწყება. ყველგან გაიხსნება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1 მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან. 1 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აჭარის გარდა, კვების ობიექტები მუშაობას გატანა-მიწოდების რეჟიმში გააგრძელებენ.