ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის რუსულ-თურქულმა ცენტრმა მუშაობა დაიწყო

ერთობლივი ცენტრის პირადი შემადგენლობა წარმოდგენილია პარიტეტულ საფუძველზე - თითოეული მხრიდან 60-მდე სამხედრო მოსამსახურე
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ბაქოში მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის რუსულ-თურქულმა ცენტრმა შაბათს მუშაობა დაიწყო, იუწყება РИА Новости აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, პოლკოვნიკ ვაგიფ დარგიაღლიზე დაყრდნობით.

პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილეს

ცენტრი განთავსდება აღდამის რაიონში, რომელიც ბაქოს კონტროლ ქვეშ 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გადავიდა.

„აზერბაიჯანის, რუსეთის პრეზიდენტების და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების შესაბამისი პუნქტის მიხედვით შექმნილი თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრი თავის საქმიანობას დღეიდან იწყებს. თურქი და რუსი სამხედროები, რომლებიც ცენტრში სამუშაოდ არიან მოვლენილი, აზერბაიჯანში იმყოფებიან“, - განაცხადა დარგიაღლიმ.

ცეცხლისა და ყველა საომარი მოქმედების შეწყვეტის კონტროლის ცენტრი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამუშაოდ უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებს.

„ცენტრი განახორციელებს ცეცხლის შეწყვეტის რეჯიმის დაცვისა და იმ ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, განზოგადებას და გადამოწმებას, რომლებიც მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმებებს არღვევს. კონტროლი განხორციელდება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით და სხვა წყაროებიდან მიღებულ მონაცემთა შეფასების საფუძველზე“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთ-თურქეთის ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ასკერ ოღლი ჰასანოვმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ფომინმა და თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუმ.

პუტინი 12 წლის განმავლობაში პირველად გამოვიდა სიტყვით დავოსის ფორუმზე

ერთობლივი ცენტრის პირადი შემადგენლობა წარმოდგენილია პარიტეტულ საფუძველზე - თითოეული მხრიდან 60-მდე სამხედრო მოსამსახურე. ცენტრს აქვს პირდაპირი კომუნიკაციის ხაზები კონფლიქტის მხარეების სამხედრო სარდლობის ორგანოებთან და რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შტაბებთან.

გასული წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე დარჩნენ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ, რომლებიც მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდნენ. გარდა ამისა, სომხეთი ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონების დათმობაზე დათანხმდა. მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლის პროცესი.