საქართველოს საპატრიარქო კარტოგრაფების გათავისუფლების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ეკლესია სახელმწიფოსგან ელოდება კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რათა საზღვარი აზერბაიჯანთან სწორად გაივლოს
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის შესაძლო უკანონოდ გადაცემისთვის ბრალდებული კარტოგრაფების საქმის გამოძიების დასრულების იმედი აქვს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პირველმა არხმა გაავრცელა.

კარტოგრაფების საქმე: გაამჟღავნეს თუ არა ციხის თანამშრომლებმა საადვოკატო საიდუმლოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით გამოვიდა პროკურატურა, რომელმაც გამოძიება უკვე დაასრულა.

„ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს. მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა? პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ ეკლესია სახელმწიფოსგან კონსტრუქციულ ნაბიჯებს ელის, რათა საზღვარი გაივლოს სწორად და სამონასტრო კომპლექსის მთლიანი ტერიტორია საქართველოს კონტროლქვეშ იყოს მოქცეული.

„მოლოდინი გვაქვს ძალიან დიდი. ვფიქრობ, აქამდეც უნდა ყოფილიყო რაიმე სიახლე და ცნობა საზოგადოებისათვის, თუ რაში ვიყენებთ ამ ახალ გარემოებებს (კარტოგრაფების საქმეში - რედ.). მოლაპარაკების მაგიდაზე (აზერბაიჯანულ მხარესთან - რედ.) გაჩნდა საშუალება იმისა, რომ ავთენტური რუკები დაიდოს და რა ხდება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

აგრეთვე საპატრიარქომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს და ივერი მელაშვილის განცხადებების შეუსაბამობაზე, რომელიც მისი გათავისუფლების შემდეგ გაკეთდა.

აქტივისტებმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხა ორ საათში შეაგროვეს

„თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მელაშვილსა და ილიჩოვას ბრალი ედებათ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის შესაძლო უკანონოდ გადაცემა. გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი. 

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

კარტოგრაფების საქმემ კითხვის ქვეშ დააყენა ჯერ კიდევ 1994 წელს დაწყებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რადგან საქმე ეხება საზღვრის 16-დან 13 შეთანხმებულ მონაკვეთზე ტერიტორიების დაკარგვას.