საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ინფიცირებულთა რაოდენობის კლებაზეა დამოკიდებული.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 3,5% დაფიქსირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ს შეადგენს.

„ბოლო შვიდ დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4,7% დაფიქსირდა. როგორც იცით, სტაბილური ეპიდვითარების კუთხით ბოლო 7–14 დღის მონაცემებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, საქართველოში ეპიდვითარების დინამიკა საკმაოდ საინტერესოა. მაგალითად, 23 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 19% იყო, 6–19 ნოემბრის პერიოდში – 24%, 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში კი ქვეყანაში პიკი იყო – 30%, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ყოველი მესამე გატესტილი პირი ინფიცირებული აღმოჩნდა. 4–7 დეკემბერს ინფიცირების მაჩვენებელმა კლება დაიწყო და 22% შეადგინა, 18–31 დეკემბერს – 14,5%, 1–14 იანვარს – 10,5%, ხოლო 15–28 იანვარს 5,8% შეადგინა.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 256 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 247 ათასზე მეტი და დაიღუპა 3.148 ადამიანი.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 6.686 აქტიური შემთხვევაა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.