ცერცვაძე: პანდემიის დამარცხება ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია

საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს წლის ბოლომდე 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა 60%-ის აცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. თუ ჩვენ გვინდა, ჩქარა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, გაიხსნას ბიზნესი, ეკონომიკა, კურორტები, ფრენები - ამის გზა პირდაპირ გადის ვაქცინაციაზე, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის ჩქარა გასახსნელად მოსახლეობის 60-65%-ის ვაქცინაცია უნდა მოხდეს.

საქართველოში ვაქცინაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს

მისი თქმით, მოსახლეობის 15% უკვე კოვიდგადატანილია და მათ უკვე აქვთ იმუნიტეტი, თუ ამას დაემატება 65%, ვინც ვაქცინაციას ჩაიტარებს, ჯამში, მოსახლეობის 80% იმუნური ფენა იქნება.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, სერიოზული ეპიდემიისა და პანდემიის დამარცხება შეუძლებელია ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე.

„ეპიდემიოლოგიური გათვლები და სპეციალისტების მიერ დადებული რეკომენდაციები უჩვენებს, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 80% იმუნურია, იქ ეპიდემია და ინფექცია მოსახლეობას საფრთხეს ვერ უქმნის და არ არის საჭიროება არანაირი შეზღუდვების", - განაცხადა  ცერცვაძემ.

კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა – თენგიზ ცერცვაძე

მან დასძინა, რომ, მართალია დარჩენილ 20%-ში ვიღაც ავად გახდება, მაგრამ ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა და ამას კლინიკური სექტორი ისე გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს.

ცერცვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის მოხმარების მნიშვნელობასა და მისი გამოყენების შედეგად მიღებულ მაღალ ეფექტურობას. მისი თქმით, რომ არა პირბადის გამოყენება, დღეს ქვეყანაში ინფიცირების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იქნებოდა.

  • „ვატაროთ პირბადე, დროებით 2-3 თვით, სანამ ვაქცინა თავის საქმეს გააკეთებს და ამით მოვხსნათ ყველა პრობლემა, გაიხსნება ეკონომიკა, გაიზრდება შემოსავალი, ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ ადამიანებს, არ იქნება საჭირო ეს საპროტესტო გამოსვლები და აქციები. ამისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი რამ – პირბადის კეთილსინდისიერად ტარება", - აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველო მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ემზადება და ვაქცინის თებერვლის ბოლოსთვის მიღების იმედი აქვს. ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სურს>>

ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.