ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

პარტია „მოქალაქეებმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 25,5 ათასი ხმა მიიღო, რაც 1,33%-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და მისი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ, ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

პარლამენტში შესულ ოპოზიციას უფლებამოსილება გაეზარდა

დღეს „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანთან მამუკა მდინარაძესთან მორიგი შეხვედრა გამართეს. მასმედიისთვის დახურული შეხვედრა პარლამენტში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

„მე და ლევან იოსელიანმა გადაწყვეტილება მივიღეთ და შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში", — განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის განმარტებით, ისინი მმართველ პარტიასთან საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებებზე შეთანხმდნენ, მათ შორის, ელექტრონული არჩევნების წესზე, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე და ა.შ. 

ელისაშვილი: ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა და ახლა გზებს ეძებენ

„ხმის მიცემა იქნება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით. ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი. ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. გარე პერიმეტრი 25-დან 100 მეტრამდე გაიზრდება. ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია, შვიდივე პარტია სრულად იქნება წარმოდგენილი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა სხვაგვარად და გამჭვირვალედ მოხდება“, – აღნიშნა „მოქალაქეების“ ლიდერმა.

ამასთან, როგორც ალეკო ელისაშვილმა განმარტა, თუ 1 მარტამდე არ მოხდება იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს დატოვებენ.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა უკვე დაწერა მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებები. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. 2 თებერვალს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. ამრიგად, დიალოგისა და მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის დარჩენილი დრო თანდათან იწურება.

2 თებერვალს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ საქართველოს პარლამენტში 150-დან ოფიციალურად 99 დეპუტატი დარჩება. ოპოზიციის უმრავლესობამ პარლამენტის დატოვება არჩევნების გაყალბების გამო პროტესტის ნიშნად გადაწყვიტა.